ცეზარ ჩოჩელი:    ხანდახან მგონია, რომ დედამიწა მცხეთის გარშემო ტრიალებს

ცეზარ ჩოჩელი: ხანდახან მგონია, რომ დედამიწა მცხეთის გარშემო ტრიალებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ მის უკან არავინ დგას. როგორც ჩოჩელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის დამოუკიდებლად მოქმედებს და ერთადერთი მიზანი მცხეთის და მცხეთელების კეთილდღეობაა.

"რთული არჩევნები მიმდინარეობს მცხეთაში. ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ მცხეთაშია არჩევნები და დედამიწა მცხეთის გარშემო ტრიალებს. მე გავაკეთებ იმას, რაც ჩემს ხალხს სჭირდება. კენჭს ვიყრი იმის გამო, რომ მცხეთა არის პარალიზებული", - განაცხადა ჩოჩელმა.

მისივე შეფასებით, მცხეთაში არის ერთპიროვნული მმართველობა.

„დიმიტრი ხუნდაძე არის გამგებელიც, გუბერნატორიც, საკრებულოს თავმჯდომარეც. მცხეთაში არის ერთპიროვნული მმართველობა. მცხეთაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს", - განაცხადა ჩოჩელმა.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ მის შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან დასაქმებულები, ჩოჩელის თქმით, არც ერთი მათგანი პარტიის წევრი არ ყოფილა, ერთ-ერთი მათგანი გივი ამირხანაშვილი კი სწორედ ყოფილი ხელისუფლების დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

„თუკი ვინმე ნაძირალა იყო ყოფილი ხელისუფლების დროს მცხეთის მუნუციპალიტეტში მაღალ თანამდებობებზე, ყველა ხუნდაძის შტაბში მუშაობს“, - განაცხადა ჩოჩელმა და აღნისნულის მაგალითად ვინმე ალიბეგაშვილი დაასახელა.