სოზარ სუბარი:    მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი ძალაში რჩება

სოზარ სუბარი: მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი ძალაში რჩება

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად არის საჭირო „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„საკითხი - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება - რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. მე პირადად არ ვიზიარებ ამ გამოთქმებს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უსამართლო. მაჟორიტარული სისტემა ისეთივე სამართლიანი სისტემაა, როგორიცა პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემა. ლაპარაკი იმაზე კი არაა, რომელი უფრო სამართლიანია და რომელი - ნაკლებად, ლაპარაკია იმაზე, რა მოდელს აირჩევს ქვეყანა. შეერთებული შტატების სენატიც არაპროპორციულია. აქ პროპორციულობაზე და სამართლიანობაზე არ არის საუბარი. ყველა სისტემა არის სამართლიანი, უბრალოდ საკითხი დგას - რომელ მოდელს აირჩევს ქვეყანა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ შეთანხმებული, რომ გადავდივართ რეგიონულ-პროპორციულ მოწყობაზე, რეგიონულ-პროპორციულ არჩევის წესზე და მე ამას ვეთანხმები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.