პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება

პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება

პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, იდეები შეიძლება უამრავი იყოს და შეიძლება დადგეს განსახილველად, თუმცა ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

„როდესაც ვლაპარაკობთ კონსტიტუციური მოწყობის მოდელზე, ამ მოდელში რაღაც სახელი უნდა დაერქვას - ვართ საპრეზიდენტო, საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია თუ სხვა“, -განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის განსაზღვრას, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ დაპირება და ის შესრულდება.

„ჩვენი დაპირება და წინადადება იყო, რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და ეს ცვლილება აუცილებლად შევა. არის თუ არა აქ რამე საფრთხე ადამიანის უფლებების დარღვევის? ის ფორმულირება, რომელის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. დღემდე არავინ ამბობდა, რომ დარღვევაა. რატომ იქნება კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დარღვევა ის, რაც არ არის სამოქალქო კოდექსში. თუ დარღვევაა, გვითხრან რას გვთავაზობენ, რითი შევცვალოთ სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი. ეს არის აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაური, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს და არაფერ შუაში არ არის ადამიანის უფლებებთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარს მიაჩნია, რომ მთელი საზოგადოება არის შეთანხმებული, რომ კონსტიტუცია არის გასასწორებელი, „იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია ერთმა ადამიანმა მოარგო თავის თავს“.

„თავის თავში იგულისხმება არა კონკრეტული გვარი და სახელი, არამედ ხელისუფლება, რომლის ხელშიც მოხდა მთელი ძალაუფლების მოყრა ისე, რომ არ არსებობს დამაბალანსებელი ძალები. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი კონსტიტუციით ცხოვრებას, ჩვენ გვინდა, გავასწოროთ ის, რაც გასასწორებელია და რაზეც მთელი საქართველო არის შეთანხმებული“, -განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება კონსტიტუციის შეცვლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას, სუბარის თქმით, ეს არის აუცილებელი პროცესი, თუმცა ამ მხრივ არანაირი წინასწარი სამუშაოები არ არსებობს.

„არც ვფიქრობთ ამაზე ამ ეტაპზე, ვინაიდან ეს არის გრძელი, მშვიდი, დინჯი პროცესი, რომელშიც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული: პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და პარლამენტს მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები“, -განაცხადა სუბარმა.