ლევან კობერიძე:   საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიად იქცა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ლევან კობერიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიად იქცა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ეს კამპანია არ ემთხვევა საზოგადოების განწყობას, რადგან ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა სწორედ ჩვენ მოგვცა. ეს მორიგი ფანდია, რადგან „ოცნებას“ ჯერ უბრალო უმრავლესობამდეც 10 მანდატი აკლია და წინ არჩევნების მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!

საერთოდ, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, მთავარი გვავიწყდება - პარლამენტისა და პარლამენტარიზმის მნიშვნელობა. უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვართ თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა. სწორედ ეს მგონია საქართველოს მოსახლეობის რეალური სურვილი და ეს საქმე ბოლომდე სწორედ ჩვენმა გუნდმა უნდა მიიყვანოს. შემდეგ კი ავტომატურად დალაგდება სახელისუფლო შტოების როლები და ფუნქციები.

დღეს გვყავს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის, მაგრამ ფაქტობრივად, უუფლებო პრეზიდენტი. თუ ვთანხმდებით პრინციპზე და გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, ამის მერე ვიფიქროთ პრეზიდენტის არჩევის წესზე, როლების განაწილებაზე და ა.შ. ხოლო მანამდე, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პარლამენტის ფუნქცია მხოლოდ კანონების წერა არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ხდება ქვეყნის განვითარების კონცეფციის შექმნა, მთავრობა უნდა ემსახურებოდეს მის აღსრულებას და ავტომატურად, შეიცვლება პრეზიდენტის როლი კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაში.