ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციას არ დაუშვებს

ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციას არ დაუშვებს

ეგვიპტის საარჩევნო კომისია უპრეცენდენტო ზომების გატარებას გეგმავს იმისთვის, რომ არ დაუშვას არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია. 

ეგვიპტური მასმედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესისთვის გამოყენებულ იქნება ძალიან მყარი, გამჭვირვალე ყუთები, რომლებიც აღჭურვილი იქნება კოდირებული ელექტრონული საკეტით ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ მაქინაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, საარჩევნო ყუთები რეგიონალურ კომისიაში გაგზავნამდე ტრადიციული მეთოდით დაილუქება.

თვითონ ბიულეტენს, განსხვავებით წინა წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისგან,  დაცვის რამოდენიმე მექანიზმი ექნება.

ყოველ ბიულეტენს ექნება საკუთარი ორიგინალური კოდი. გარდა ამისა, საარჩევნო კომისია ყველა ბიულეტენს დაშტამპავს რელიეფური ბეჭდით, რაც გამორიცხავს ბიულეტენების კოპირებას ან გაყალბებას.

უბნის საარჩევნო კომისიას ბიულეტენები სპეციალური დაბეჭდილი კონვერტებით გადაეცემათ. საარჩევნო კომისიებმა ასეთივე კონვერტებით უნდა დააბრუნონ გამოუყენებელი ბიულეტენები.

საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნებზე უპრეცენდენტოდ მაღალ აქტივობას ელის, რის გამოც საარჩევნო უბნების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 ათასამდე გაიზრდება. წინასწარი პროგნოზებით, 50 მილიონი ამომრჩევლიდან პრეზიდენტის ასარჩევად 70% გამოცხადდება.

ხმის დათვლის პროცესი რეგიონალურ საარჩევნო კომისიებში წარიმართება, შედეგები კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგიონებიდან ინფორმაციის მოწოდებისთანავე გახდება ცნობილი.

არჩევნების პროცესზე დაკვირვება შეუძლიათ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მოწვეულ დამკვირვებლებს, ისე ეგვიპტური და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

არჩევნების მიმდინარეობაზე კონტროლს ტრადიციულად ეგვიპტური სასამართლო კორპუსი განახორციელებს.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23-24 მაისს გაიმართება. რაც შეეხება მეორე ტურს, საჭიროების შემთხვევაში იგი 16-17 ივლისს შედგება. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები 21 ივნისს გახდება ცნობილი.

მთლიანობაში, ეგვიპტეში პრეზიდენტის პოსტისათვის 13 კანდიდატი იბრძოლებს, რომელთა შორისაც არიან როგორც ყოფილი მაღალჩინოსნები, ისე ისლამისტების წარმომადგენლები.