ბარიერის გადალახვის პრობლემას არ განვიხილავთ, მაგრამ საინტერესოა, რას იზამს ამომრჩეველი, - განაცხადა “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემა 2030-ში.
„საქართველოში პირველად, ეს არის არა პარტიების, არამედ ამომრჩევლის არჩევნები. გასულ არჩევნებთან შედარებით, ჩვენი ამომრჩველი ძალიან ბევრს ფიქრობს, რაც იძლევა იმედს, რომ სწორი, აწონილ-გაზომილი არჩევანი გაკეთდება. ყველა პარტიას ჰგონია, რომ პირველ-მეორე ადგილზეა, მაგრამ ყველა პარტიას განაჩენს ამომრჩეველი ხვალ გამოგვიტანს. არჩევანი ფართოა. ყველა პარტიას თავისი ერთგული ამომრჩევლი ჰყავს. თუმცა, ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს, თითქმის მესამედს, თავისი არჩევანი ჯერ არ დაუფიქსირებია და ვნახოთ, ეს 1/3 რას იზამს“, - განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციების საშიშროება არსებობს, მაგრამ დესტაბილიზაცია გამორიცხულია.
„არჩევნებზე პროვოკაციების საშიშროება არსებობს, რადგან ქვეყნის შინ თუ გარეთ არსებობს ძალები, რომლებსაც საშინაო დავალება აქვთ, რომ საქართველოში არჩევნები სტაბილურად არ ჩატარდეს. თუმცა, დესტაბილიზაციას გამოვრიცხავ, რადგან თვითონ საზოგადოებაა მოწადინებული, არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და მშვიდობიანი შედეგი მივიღოთ. ხალხს დღეს რევოლუცია არ სჭირდება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.