ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, დევნილებისათვის მთავრობამ მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დევნილებს გადაეცემათ მათ სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში, თუმცა რჩებოდა ერთი პრობლემა, რომ საერთო სარგებლობის ფართები, როგორიც არის დერეფანი, სხვენი, სარდაფი და ასე შემდეგ, კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
გიორგაძის თქმით, დევნილებს, რომლებმაც შექმნეს ამხანაგობები, გადაეცემათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართები და ისინი ლოგიკურად დაკმაყოფილდებიან იმ მოთხოვნით, რაც ჰქონდათ მთავრობის წინაშე და ისარგებლებენ ყველა იმ პროგრამით, რაც უკვე ამხანაგობებისთვის აქვთ მუნიციპალიტეტებს.
"ეს ეხება ყველას. აქამდე, რაც შეიქმნა დევნილების მხრიდან ამხანაგობები, ყველას გადაეცემა და მომავალშიც ავტომატურად გადაეცემა საერთო მოხმარების ფართები. 12 ათასზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში მათ მიერ მართლზომიერ საკუთრებაში არსებული ფართები და სადაც შეიქმნა ამხანაგობები, გადაეცემათ ასევე საერთო სარგებლობის ფართები. აქვე გეტყვით, რომ დღეს ასევე 336 ოჯახს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დევნილთა ჩასახლებებში არსებული კოტეჯები გადაეცათ საკუთრებაში", - განაცხადა გიორგაძემ.