8 ოქტომბრიდან შემდეგი დროის გავლა იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საქმე, რათა არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით გადაეცემა ქართველ ხალხს, რათა ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს.
„ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ამისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა ძირითად მოთამაშემ, ყველა ძირითადმა სუბიექტმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გავართვათ თავი ჩვენს მოვალეობებს. პირველ რიგში აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ შეგვიძლია უპირობოდ ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, ქართულმა სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ პოლიტიკური თავისუფლებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, ყველამ და არა მხოლოდ ძალოვანმა ორგანოებმა პირუთვნელად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან იგი ტარდება უპრეცედენტო თავისუფლების პირობებში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში, რათა თითოეულ თქვეგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარება, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების ძირითადი ნაწილი ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა საკუთარ არჩევანს. ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი ამ პარტიის მხარდამჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი, ხვალ ყველა მართალი ვიქნებით ყველა ვინც საკუთარი სინდისით და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის და ღვთის წინაშე. ჩვენ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება. შემდგომ უკვე თავისუფალი არჩევანის შედეგად ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალინდელი არჩევნები ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურით დასრულდება.
„ეს ნიშნავს იმასაც, რომ ხვალ საღამოს მდგომარეობით ყველაფერი ცხადი არ იყოს. მომავალი პარლამენტის ჩვენ ყველას სახელმწიფოს მოსახლეობას პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, რათა 8 ოქტომბრიდან მომავალი არჩევნების ჩატარებამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია. არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე, ეს არის მნიშვნელოვანი. ძველი პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ვიდრე შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი. მთავრობა და სახელმწიფო დაწესებულებები ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, 8 ოქტომბრიდან შემდეგი დროის გავლა იქნება თითოეული ადამიანის ღირსების საქმე, რათა შემდგომი არჩევნები დასრულდეს მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ.
„ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთივსაც. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყნა და რა იქნება შედეგები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე. დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს. ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს. ვინც მშენებლობას შეძლებს. გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას ქვეყნის დაყოფას და დაშლას და ა.შ. მინდა, გისურვოთ წარმატება, მინდა, გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ. დღეს სიტყვა თქვენზეა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.