"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის გამოკითხვა მის სახლში ჩატარდა. დეპუტატთან შსს-ს ორი გამომძიებელი იყო მისული.
თარგამაძის თქმით, მან სამართალდამცველებს დეტალურად მიაწოდა მომხდარის შესახებ ინფორმაცია.
"აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე დეტალურად. მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ. ეს გამომძიებლები არ არიან კომპეტენტურები ამ საკითხში, გადაწყვეტილება მათმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. შევთანხმდით, რომ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მზად ვარ გავაგრძელო თანამშრომლობა. შემდეგ ჯერზე იმედი, მაქვს შევძლებ მე თვითოვ ვეწვიო საგამოძიებო ორგანოებს", - განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, საუბარი შეეხო მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელიც გივი თარგამაძის მეუღლეს რამდენიმე დღით ადრე გაუგზავნეს უცხო ნომრიდან.
"წარმოვადგინეთ, ვაჩვენეთ ეს ყველაფერი. ვუთხარი, თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ეს ჭირდებათ ჩიპით გადავცემ ამ ყველაფერს", - განაცხადა თარგამაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.