საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ჩაატაროს ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, - აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო ყველამ ერთხმად აღიარა, როგორც საუკეთესო გარემო, სადაც პარტიებს საშუალება აქვთ უპრობლემოდ განახორციელონ აგიტაცია და წარმართონ საარჩევნო კამპანია.
„ქუჩაში ადამიანებს არ ეშინიათ აგიტაციის ჩატარების, პოლიტიკურ სუბიექტებს პრობლემა არ აქვთ ხალხთან შეხვედრის, ასევე, არც ხალხს აქვს პრობლემა ღიად განაცხადოს, რომ არ უჭერს მხარს კონკრეტულ პარტიას, მათ შორის თუნდაც მმართველ პარტიას. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, საზოგადოება ბოლო 4 წლის მანძილზე შეეჩვია იმას, რომ არ შეიძლება ვინმემ რამე დააძალოს და მიუთითოს, რაც ძალიან კარგია. „ხალხმა უნდა იგრძნოს განსხვავება და არ დაუშვას ადრე არსებული პრობლემების განმეორება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბოლო წლებში შექმნილი დემოკრატიის საფუძვლები იმდენად მყარია, რომ ამ კუთხით პრობლემების შექმნას მომავალში ვერავინ შეძლებს.
„მთელი მონაპოვარი არის იმაში, რომ ადამიანები მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, როცა ქედმაღლურად ვეღარავინ დაელაპარაკება და ვერც ვერავინ მიუთითებს. ამას, რა თქმა უნდა, განვითარებაც უწყობს ხელს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის სურვილები და ნიშნები არის, თუმცა, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამ მიმართულებით ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები აქტიურად მუშაობენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა სპეციალური ბრძანება და უშუალოდ კენჭისყრის დღეს უფრო გაძლიერებულად იმუშავებს პოლიცია არა საარჩევნო უბნებზე, არამედ საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რათა ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი.