კახა კახიშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე:  „ეს იყო გამოწვევა და ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი“

კახა კახიშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: „ეს იყო გამოწვევა და ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება იყო გამოწვევა, რომელსაც ადეკვატური პასუხი გაეცემა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება და გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც კახიშვილმა „მაესტროს“ „ღამის კონტაქტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამ ფაქტს ხელისუფლებამ მწვავე შეფასება მისცა და პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერცერთი ქვეყნის იმუნიტეტი.

როგორც კახა კახიშვილი ამბობს ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე ძალიან სერიოზული დანაშაული მოხდა, რომლის შედეგად მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

„ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო გამოწვევა. ამ გამოწვევაზე იქნება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს გამოძიებას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ამ კუთხით. ცხადია, გამოძიების ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გაიხსნება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების კუთხით, აღნიშნული საქმე ურთულესია და სრული სურათის დახატვა ორ დღეში არ არის შესაძლებელი.

მისი თქმით, დანიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, რომლის შედეგად მიკრონაწილაკები იქნება შესწავლილი. მსგავსი ტიპის ექსპერტიზების ჩატარებას კი, დრო სჭირდება.