"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს ქვეყნის სწრაფ განვითარებას.
"მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლენო, თანამოაზრეებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. ფაქტობრივად, მოვიდა 8 ოქტომბერი და მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენთაგანს, მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ყველა ერთად დავირაზმოთ, მოვკიდოთ ხელი ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება ერთი, ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად თქვენი ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობით მოვიპოვეთ ბრძოლით და რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ ძალადობა, ქვეყანაში დაბრუნდნენ მოძალადეები. ეს დრო წარსულას ჩავაბარეთ ყველამ ერთად",- აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, დღეს, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე, ძალიან სწრაფად შევამციროდ სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება არის პარტია "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა, იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც აქ არის დღეს წარმოდგენილი",-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ.
"ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ქვეყანაში შევცვალოთ არსებული პოლიტიკური რეალობა, მოვახდინოთ გარდატეხა პოლიტიკურ რეალობაში. თქვენ ალბათ ყველა უყურებთ ტელევიზორს და იმას, რა ხდება, როდესაც მიმდინარეობს დებატები, პოლიტიკური პარტიების შეხვედრები, როგორი შეურაცხყოფა, ჭიქების სროლა, ბოთლების სროლა, ეს ყველაფერი არის კატასტროფა. ეს ყველაფერი არის გუშინდელი დღე მეგობრებო.
ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე. საჭიროა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ამას აუცილებლად შევძლებთ. მე მინდა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ.
მე მინდა მადლობა გითხრათ იმ მუხტისთვის, იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენგან მოდის და მე ეს მაძლევს შინაგან რწმენას იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მინდა გისურვოთ ყველას, რომ ხვალინდელი დღე, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, იყოს წარმატებული და იყოს ლაღი თითოეული თქვენთაგანისთვის",- დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.