სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან

სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან

პოლიტიკოსებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რადგან ისინი არ არიან ჩვენი მსახურნი, არც მმართველი პარტიის და არც მართვის სურვილის მქონე პარტიის, - ამის შესახებ პარლამეტნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 დავით უსუფაშვილის თქმით, სამართალდამცავები არიან სახელმწიფოს მსახურნი და არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არიან.

„როცა პოლიტიკოსები გამოდიან, აკეთებენ შეფასებებს, პროგნოზებს თუ საიდან იქნება დარტყმა, ვინ იქნება ამფეთქებელი და აბა ეხლა მიდი შსს და გამოიძიე. სამართალდამცავი ორგანოები უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური პირდაპირი თუ არაპირდაპირი წნეხისგან, რომ ებრძოლონ დანაშაულს”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ჰყავს არმია სამართალდამცავ ორგანოების, რომელთა მოვალეობაა ჩაავლონ ხელში ამფეთქებელს, დამგეგმავს, რევოლუციის შემოქმედს და „ჩააყუდონ იქ სადაც საჭიროა“.

„დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ სუს-მა პროკურატურამაც და პოლიციამაც უნდა იმოქმედოს დანაშაულის აღსაკვეთათ და დამნაშავეების გამოსავლენად. მე ველი იმ დღეს, როდესაც პოლიცია, პროკურატურა და უშიშროების სამსახურები გამოათრევენ ბუნაგებიდან იმ დამნაშავეებს, რომლებიც რაღაცეებს ჩადიან და შეწყდება ის არანორმალური ვითარება, როდესაც ამის შესახებ ჩვენ ვიგებთ ან ინტერნეტში ინკოგნიტო ადამიანების მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებისგან, ან ექსპერტების პროგროზნებიდან ან მათი ვარაუდებიდან”,- აღნიშნა უსუფაშვილმა.