„რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარლამენტში, პარტია სჭირდება პარლამენტს და მე დარწმუნებული ვარ, საკმარისი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე ფიქრობს ასე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ შანსებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ აუცილებლად იქნება პარლამენტში.
„მე არ ვაპირებ ჩავერთო ამ არც თუ ისე ღირსეულ შეჯიბრში იმის თაობაზე, როცა პოლიტიკური ლიდერები თავად იწერენ შედეგებს და მეტიც, ამით არ კმაყოფილდებიან, სხვებსაც კი უწერენ. მე ყოველთვის ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ თუ ამდენი შეუძლია, რომ დილაობით უცებ გამოიცნოს, რომ ვიღაცამ უკან დაიწია, ვიღაცამ წინ წაიწია, ვიღაცამ მეორეზე. ეს უკვე ცოტა განსხვავებულ ნიჭთან გვაქვს საქმე. იგივე მიხეილ სააკაშვილის სიზმრები, რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაუძახებს ორ დღეში, ჩამოდი გვიპატრონეო. არც ერთი იქნება და არც მეორე. „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ამ არჩევნებზე, ეს წარმატება რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებთ. „რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარლამენტში, პარტია სჭირდება პარლამენტს. მე დარწმუნებული ვარ, საკმარისი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე თვლის ასე და ეს იქნება დადასტურებული მიცემული ხმებით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.