საქართველო გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს, რაც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს.
ეს გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესზე გახდა ცნობილი, სადაც ამ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოების: ადმინისტრაციული საბჭოს (CA) ორმოცი და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ორმოცი წევრი სახელმწიფოს არჩევნები გაიმართა, რომლებშიც საქართველომ პირველად წარადგინა თავისი კანდიდატურა.
მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესი 7 ოქტომბერს დასრულდება. მის მუშაობაში ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს.