ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს არის სამი მოსამართლის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თავმჯდომარეობის სურვილი რამდენიმე მოსამართლეს აქვს.
"დღეს განიხილება ორი საკითხი, ჩანიშნულია ორი სხდომა. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის საქმეების უპრეცენდენტო რაოდენობა - 210 საქმეა შემოსული, აქედან 145 მარტო წელს. სასამართლომ უნდა დაიწყოს ამ საქმეების განხილვა და გადაწყვეტა. დღევანდელი სხდომები ემსახურება ზუსტად ამას.
რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, დღეს შესაძლებელია ეს საკითხი დაიწყოს. ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს არის სამი მოსამართლის გადასაწყვეტი. კანდიდატურა შესაძლებელია იყოს რამდენიმე, ამასაც მოსამართლეები გადაწყვეტენ. სურვილი რამდენიმეს აქვს, მე როგორც ვიცი", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.
დღევანდელი სხდომა ზაზა თავაძემ, როგორც თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ჩანიშნა. კითხვაზე, თუ რატომ დაჩქარდა თავმჯდომარის არჩევის საკითხი, ზაზა თავაძის თქმით, დღევანდელი სხდომა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ტარდება.
"კანონის კეთილსინდისიერი წამკითხავი, იმ ორკვირიან ვადაში ამოიკითხავს იმას, რომ ნებისმიერ დღეს 1-ელი ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, სამ მოსამართლეს შეუძლია დაასახელოს მათთვის სასურველი კანდიდატი", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატები, ხოლო არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.
ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლე ჰყავს. ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი 2 ოქტომბერს დადეს.