"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მისი პარტიის წევრები ხვადასხვა პარტიებისა და ტელევიზიების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს და ეგზიტპოლებს არ ენდობიან.
მისი თქმით, არჩევნებამდე სულ რამოდენიმე დღე დარჩა და ვინ რომელ ადგილზე გავა, ამას საზოგადოება მალე გაიგებს.
"ჩვენ არც გამოკითხვებს ვენდობით და არც ეგზიტპოლებს, რადგან ამ მხრივ, ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები, განსაკუთრებით კი, "რუსთავი 2" თვალში პარალელურ სამყაროს გვაჩეჩებდნენ, არჩევნებზე კი, სულ სხვა შედეგი იდებოდა. ჩვენ 8 ოქტომბერს ძალიან იმედიანად ვუყურებთ და ვფიქრობთ, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემა 2030-ში.
გია ცაგარეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"ვისურვებდი, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის სათავეში არასოდეს დაბრუნდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება და კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სათავეში არ მობრუნდნენ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.