რაც გივი თარგამაძის წინააღმდეგ მოხდა, ეს არის კლასიკური ტერორისტული აქტი, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს დღევანდელი ხელისუფლება ვერ გამოიძიებს, თუმცა ამას ახალი ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებს.
”ვწუხვარ და არც მეღიმება იმ ადამიანებზე, ვინც ამტკიცებს, რომ თვითონ მოუწყო გივი თარგამაძემ ეს აფეთქება თავის თავს. ვინც ამას ამტკიცებს, ეს არის უიმედო შემთხვევა ლეტალური დეგრადაციის, ეს არის ბოდვა და ამას სერიოზულად არ განვიხილავ”,- განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, ის კონკრეტულად ხელს ვერავინ დაადებს, თუმცა ფიქრობს, რომ მომხდარი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილი გარემოს შედეგია.
”ეს არის იმ ქაოტური გარემოს შედეგი, რომელიც შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ. დარწმუნებული ვარ, ამათ ხელში ეს ტერაქტი ვერ იქნება გამოძიებული, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამას გამოიძიებს ახალი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 3 დღეში ეყოლება.
მე ჩემი მეოცნებე ოპონენტებისგან იმით განვსხვავდები, რომ ფაქტების გარეშე თითს არავისკენ გავიშვერ და ცილისწამებას არ დავიწყებ. გარემოა შემქნილი, რომ ასეთი რამე მოხდეს. ეს გარემო შექმნა ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მოეშალა”, -განაცხადა ნიკა რურუამ.
4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.