ამ აფეთქების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ 4 დღეში ეს ხელისუფლება დასრულდება

ამ აფეთქების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ 4 დღეში ეს ხელისუფლება დასრულდება

იმ ფაქტით, რომელიც ვიხილეთ, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნი სიის ლიდერი დავით ბაქრაძე მისი თანაგუნდელის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას.

როგორც ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ის ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანებს ქუჩაში აფეთქებენ, უნდა დასრულდეს.

„ფაქტით, რომელიც ვიხილეთ, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად 4 დღეში. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ცხრილავენ და აფეთქებენ ადამიანებს. ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების მომავალი უსაფრთხოების საკითხი. გულწრფელად ვუსურვებ დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები ხიფათში ჩააგდო დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემომ. მე არ ვამბობ კონკრეტულად ვინ დგას ამ აფეთქების უკან, მაგრამ ქვეყანაში არის შექმნილი კლიმატი, სადაც ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში, სადაც ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს ესროლეს სამი ტყვია საარჩევნო შეხვედრაზე. ამ აფეთქების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს, ვარ დარწმუნებული, რომ 4 დღეში ეს ხელისუფლება დასრულდება, რადგან ხელისუფლება, რომლის დროსაც ადამიანებს ქუჩაში აფეთქებენ, უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.