ქართულ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.
კვლავაც ადგილი აქვს პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. საუბარია „პოლიტიკური ანგარიშსწორების, რეპრესირების ინსტრუმენტზე, რომელიც ადამიანების დაშინების ფუნქციას ასრულებს“.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის #8 საპყრობილეში კლიენტთან ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალობა შეუძლებელია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, საგამოძიებო ოთახებში, ადვოკატების გარდა, შეხვედრები გამომძიებლებთან და პროკურორებთან ხორციელდება.
სახალხო დამცველის განცხადებით, აშკარაა, რომ დაწესებულებისთვის, რომელშიც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3541 პატიმარი, არანაირად არ არის საკმარისი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ადვოკატების შესახვედრად თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან.
ახალი შენობაც, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში, არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის.
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს, უმოკლეს ხანში მოახდინოს ზემოაღნიშნულ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება და პრობლემების დროული მოგვარება უზრუნველყოს.
სახალხო დამცველი გლდანის #8 საპყრობილის საკარანტინე განყოფილებაში დასჯის მიზნით პატიმართა მოთავსების შეწყვეტასაც ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა.
ტუღუში მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საკარანტინე განყოფილებაში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობებისა და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.
ამ დღეებში სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა გლდანის #8 დაწესებულების კარანტინში მონიტორინგი განახორციელა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ განყოფილებაში არსებული 15 საკარანტინე საკნიდან 7 საკანში არ არის საწოლები, დგას მხოლოდ სკამები. პატიმრებს ძილი უწევთ სკამზე ან პირდაპირ ბეტონის იატაკზე. დაწესებულების ადმინისტრაცია მათ არ უზრუნველყოფს ლეიბებით და გადასაფარებლებით.
მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი. პატიმრების განმარტებით, მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. საპირფარეშოებში არ არის ნათურა და ზოგ საკანში მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა. გასეირნების უფლებით პატიმრები ასევე ვერ სარგებლობენ.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მონიტორინგის დროს საკარანტინე განყოფილებაში სულ მოთავსებული იყო 140 პატიმარი. პატიმრების განცხადებით, ისინი კარანტინში შინაგანაწესის დარღვევის გამო იყვნენ მოთავსებული. სახალხო დამცველი დასჯის ამ ფორმას უკანონოს უწოდებს.
„დასჯის მიზნით პატიმრების კარანტინში განთავსება გლდანის დაწესებულებაში ხშირად ხდება, თუმცა დასჯის ეს მეთოდი არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და, შესაბამისად, უკანონოა. საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებენ საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის ჟურნალს, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია იმის შემოწმება, რეალურად რამდენი ხანი იმყოფებიან პატიმრები კარანტინში. მონიტორინგის დროს იქ განთავსებული პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთხში დაყოვნების პერიოდი იყო 1–დან 15 დღემდე“, – განაცხადეს სახალხო დამცველის ოფისში.
„თავისუფალი აზრის სახლის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრის სულხან მოლაშვილის მტკიცებით, პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. ამის შესახებ მოლაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 10 წელზე მეტია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციას ხელი მოაწერა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებები მაინც უხეშად ირღვევა და ხშირად ადგილი აქვს პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
ამასთან, მოლაშვილი პენიტენციალური სისტემა მოიაზრებს არა როგორც იურიდიული სისტემის ერთეულს, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების, რეპრესირების ინსტრუმენტს, რომელიც ადამიანების დაშინების ფუნქციას ასრულებს.
„მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემუშავდეს ერთობლივი დეკლარაცია პატიმართა მდგომარეობაზე და ხელისუფლებას წარედგინოს, ხოლო მსჯავრდებულმა პირებმა სტრასბურგის სასამართლო თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენონ.
ასევე, მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატებს, რომ სტრასბურგში გასაჩივრებულ საქმეებში ერთი უცხოელი ადვოკატი მაინც იყოს ჩართული, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება თითოეულ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს მოლაშვილი.