საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის აქციების განთავსების ცერემონიას დაესწრო.
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ბანკისთვის ეს ნიშნავს განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას, ხოლო ადგილობრივი ბაზრისთვის კიდევ უფრო სტაბილური, უმაღლესი სტანდარტებით მართული ბანკის სერვისების მიღებას. თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თიბისი ბანკს, მის დამფუძნებლებს და მენეჯმენტის გუნდს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე პრემიუმ სეგმენტში ივაჭრება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო - თავის თავში ეს გულისხმობს, რომ თიბისი ბანკში მმართველობა ძალიან გამჭვირვალეა, ხოლო დანერგილი სტანდარტები - ეს არის საუკეთესო მსოფლიო დონის სტანდარტები. თავად ქვეყნისთვის და თიბისი ბანკისთვის ეს ნიშნავს, რომ ბანკს აქვს უკვე წვდომა იმ ინვესტორებზე, რომლებიც თანხებს მხოლოდ პრემიუმ ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებში დებენ.
თავისთავად დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის 60%-ზე მეტი დღეიდან უკვე პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მმართველობა საბანკო სექტორში აბსოლუტურად გამჭვირვალეა და თანხები, რომელიც ჩვენ საბანკო სექტორში, საფინანსო სექტორში შეგვიძლია მოვიზიდოთ, უკვე ძალიან დივერსიფიცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ძლიერი საბანკო სექტორი თავის თავში უკვე გულისხმობს რეალური ეკონომიკის სექტორის მხარდაჭერას, იმის, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.
თვითონ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო - ბანკი დღეის მდგომარეობით 6200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს, 8 მილიარდზე მეტი მთლიანი აქტივების მფლობელია, სადაც თითქმის 5 ნახევარ მილიარდზე მეტი სესხები არის. მინდა, დღევანდელი წარმატება კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ ჩვენს ქვეყანას და თიბისი ბანკს“.