”რესპუბლიკელებს” კოალიციაში ყოფნისას, არაერთხელ ძალიან სერიოზული დარტყმები მოუყენებიათ თავიანთი განცხადებებით თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ”პოსტებით”, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე საუბრობს.
როგორც კობახიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ შემთხვევაში უშუალოდ დავით უსუფაშვილს არ გულისხმობს.
”როდესაც ერთად ვიყავით კოალიციაში, ხელისუფლებაში, ყველას აბსოლუტურად თანაბრად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, და განა რა მოხდა ისეთი, როცა ერთი თვეც არ გასულა და ძველ თანაგუნდელებს ასეთი აქტიური კრიტიკის ქვეშ აყენებ?! როდესაც კოალიციაში ვიყავით, მაშინაც კი, დავით უსუფაშვილის თანაგუნდელები, თანაპარტიელები პარლამენტში თუ თბილისის საკრებულოში ძალიან მძიმე დარტყმებს აყენებდნენ კოალიციის ცალკეულ წევრებს თუ ლიდერებს. ეს მათი მხრიდან საჯაროდ იყო დაფიქსირებული და არ მგონია, რომ სწორი იყო. თუკი ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილება არ მოგწონს, მაშინ ოპოზიციაში უნდა წახვიდე, დაწყებული მურისიძის თემით, რომელიც კრიტიკის საგანია ”რესპუბლიკელების” მხრიდან. ასეთ დროს მაშინვე უნდა წახვიდე ოპოზიციაში და უნდა თქვა, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიუღებელია და ამის გამო ამ გუნდთან აღარ ვთანამშრომლობ. როდესაც ასეთ გადაწვეტილებას არ იღებ, ცალკე წლების თუ თვეების შემდეგ გადიხარ და ამ თემით მანიპულირებასა და ყოფილ თანაგუნდელებზე დარტყმას ამის შემდეგ იწყებ, ეს სწორია არ არის. არც მე მომწონდა მურუსიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მასში მონაწილეობის მიღება რომ შემძლებოდა, მხარს არ დავუჭერდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვიზიარებ იმ პასუხისმგბელობას, რასაც საზოგადოება გვაკისრებს. თუ რამე არ მომწონს, ეს მაშინვე უნდა ვთქვა და გადაწყვეტილების მიმღებ გუნდს გავემიჯნო. როცა ხელისუფლებაში, მინისტრის სავარძელში რჩები და ამ გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებას მაინც არ ემიჯნები, მაშინ ეს ყველაფერი შენც უნდა გაიზიარო”, - აცხადებს კობახიძე.