ლევან ბერძენიშვილი უსუფაშვილის წერილზე:   ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობას კითხვა არ შეუძლია

ლევან ბერძენიშვილი უსუფაშვილის წერილზე: ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობას კითხვა არ შეუძლია

ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობა დაიბნა და კითხვა არ შეუძლია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში სენსაციური არაფერია.

მისივე თქმით, თუ წერილს კარგად წაიკითხავენ, გასაგებად ჩანს, რა აზრი ჰქონდა მის გამოქვეყნებას.

”ჩემი პასუხი იქნება მოკლე. უმრავლესობის ეს წევრები, ვინც ამას აცხადებს, ან აზრზე არ არიან საერთოდ, რა რისთვის ქვეყნდება, ან საერთოდ დაწერილ ტექსტებთან აქვთ პრობლემები. თუ წაიკითხავენ, კარგად გამომდინარეობს, რა აზრი ჰქონდა მის გამოქვეყნებას. მე ამ ადამიანების შესაძლებლობებზე ვერ ვილაპარაკებ, უსუფაშვილმა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აჩვენებს ჩვენი პარტიის და პირადად მისი, დავით უსუფაშვილის დამოკიდებულებას სახელმწიფოებრივი საქმეებისადმი, რომ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოებრივ საქმეს ვაყენებდით ჩვენს პირად პარტიულ საქმეებზე მაღლა. წაკითხვა თუ არ შეუძლია ვინმეს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ქართულ ანბანში 33 ასოს გარდა კიდევ წერტილ-მძიმეს და სიტყვებს შორის მანძილს უნდა გარჩევა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ უმრავლესობა დაიბნა და კითხვა არ შეუძლია. ასეთი დოკუმენტები ბევრი გვაქვს და როცა საჭიროება იქნება, მათ მოუწევთ მათი გაცნობა და არა იმ სისულელის ლაპარაკი, რომ ვერ გაიგეს. ძალიან კარგად და გასაგებად წერია იქ ყველაფერი”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია ”რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.