როგორც ჩანს, ირაკლი სესიაშვილმა და ეკა ბესელიამ მიიღეს მესიჯები, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება ცუდია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ეკა ბესელიას განცხადებებს გამოეხმაურა. ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ „რეპუბლიკური პარტიის” მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მუდმივი პაექრობა არის ერთგვარი ამპარტავნება, ხოლო ეკა ბესელიამ დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მუდმივად აყვედრიდე თავს ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს და მიგაჩნდეს, რომ ხარ ყველაზე ჭკვიანი.
„მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ განათლებით დამძიმებული თავი არის ცუდი, როგორც ჩანს, მესიჯი მიიღეს, რომ უნდა იძახონ, რომ განათლება არის ცუდი. მე ვფიქრობ, რომ ინტელექტი ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება იღებს და თუ ინტელექტთან აქვთ პრობლემა, ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის, ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დავით უსუფაშვილის კრიტიკას იმ განცხადების გამო, რომელიც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ პასუხს არ გასცემს და ირაკლი ალასანიას პოზიციას ელოდება. საუბარია დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს დაემსგავსა.
„მაინტერესებს ალასანიას პოზიცია იგივე არის თუ არა, რაც მისი პარტიის წევრებმა გააკეთეს. თუ არ არის, იქნებ მიხედოს თავისი პარტიის წევრებს, გაარკვიონ, ჩამოყალიბდნენ, რა პოზიცია აქვთ. რაც შეეხება პოზიციას იმის შესახებ თუ ჩვენ რას ვაკეთებდით „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს და მაშინ რატომ არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მათგან განსხვავებით ჩვენ მუდმივად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. მე გავახსენებ ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში ჩემს მიერ სამსახურში აღდგენილ „კაბელების საქმის“ ბიჭებს და მან ძალიან კარგად იცის, როგორ იყო ჩემს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული და როგორი მხარდამჭერა მქონდა ამაზე „ქართული ოცნებიდან“. დანარჩენს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ჩვენ ცუდი პარტნიორები ვიყავით ჩვენი კრიტიკული შეფასებების გამო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ „რესპუბლიკელებმა“ სწორედ თავიანთი კრიტიკით და მათ მიერ “ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი დისკომფორტის გამო დაიმსახურეს იმდენი შეურაცხყოფა, რაც მიიღეს. ხიდაშელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დებატებში შესვლას არავისთან აპირებს.