საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო პლენუმის შეხვედრა, ჯერჯერობით ვერ იწყება

საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო პლენუმის შეხვედრა, ჯერჯერობით ვერ იწყება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა ჯერ არ დაწყებულა. პლენუმის ცხრა მოსამართლემ სამუშაო შეხვედრაზე უნდა განიხილოს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოსამართლეების აცილებისა და თვითაცილების შუამდგომლობები. 

ე.წ გახმაურებულო საქმეების განხილვაზე თვითაცილებას ითხოვს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ არ დაკმაყოფილება, სხდომას დაესწრება".

ამასთან, “რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლეების მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილების შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მიმართა. დღევანდელი საორგანიზაციო პლენუმის შეკრების შემთხვევაში სავარაუდოდ, აღნიშნული შუამდგომლობაც უნდა განხილულიყო.

კიდევ ერთი შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტმა მიმართა და ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილისა და ქეთევან ერემაძის აცილება მოითხოვა. პარლამენტმა ერთ- ერთ არგუმენტად მაია კოპალეიშვილისა და ნიკა გვარამიას ნათესაური კავშირი დაასახელა. საერთო ჯამში საუბარია ექვსი მოსამართლის აცილებისა და თვითაცილების შუამდგომლობებზე. 

აღნიშნული შუამდგომლობების დაყენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო პლენუმი აღარ შეკრებილა. ამასთან, საორგანიზაციო პლენუმის ვერშეკრება ხელს არ უშლის დღეს, 16:00 საათზე ჩანიშნული უგულავა-კაბელების საქმის განხილვას. მხარეები მოსამართლეებს სხდომათა დარბაზში უკვე ელოდებიან.