გია ცაგარეიშვილი დავით უსუფაშვილზე - ადამიანს თუ გამბედაობა ჰყოფნის, კოალიციაში ყოფნისას უნდა გამოხატოს თავისი აღშფოთება

გია ცაგარეიშვილი დავით უსუფაშვილზე - ადამიანს თუ გამბედაობა ჰყოფნის, კოალიციაში ყოფნისას უნდა გამოხატოს თავისი აღშფოთება

ადამიანს, როდესაც წამობრძანდება რომელიმე პარტიიდან ან გაერთიანებიდან, ამის შემდეგ კი არ უნდა გაუჩნდეს სურვილი ამგვარი განცხადებების კეთების, არამედ კოალიციაში ყოფნის დროს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსების შესახებ. 

მისი თქმით, გაუგებარია კოალიციიდან წამოსვლის ერთი თვის თავზე ასეთი განცხადებების კეთება. 

„ადამიანს, როდესაც წამობრძანდება რომელიმე პარტიიდან ან გაერთიანებიდან, ამის შემდეგ კი არ უნდა გაუჩნდეს სურვილი ამგვარი განცხადებების კეთების და მსგავსებების მოყვანის, არამედ თუ გამბედაობა ჰყოფნის, იქვე კოალიციაში, მმართველ პარტიასთან ერთად ყოფნის ჟამს უნდა გამოხატოს თავისი აღშფოთება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გამოსწორდეს ზოგად პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. ჩემთვის გაუგებარია, კოალიციიდან წამოსვლის და მინისტრთა პორტფელების დატოვების ერთი თვის თავზე რომ ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი შეებრძოლონ ერთმანეთს მტრის გულის გასახარად. ეს ეხება როგორც „რესპუბლიკურ პარტიას“, ისე „ქართულ ოცნებას“. არც ერთს არ ვუქებ ამ გაუთავებელ ჭორაობას, ურთიერთშეურაცხყოფას და ლანძღვა-გინებას. ვინ ვის ჰგავს, როგორ არ ჰგავს, რა შედეგი ექნება ამას საზოგადოებისთვს, გადაწყდება არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ორი დღის წინ ისაუბრა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს, „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.
„ბიძინა ივანიშვილმა დღეს გადაწყვიტა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, არა მარტო მე და „რესპუბლიკელები“, არამედ „თავისუფალი დემოკრატებიც“, „ეროვნული ფორუმიც“, ანუ ძველი ამბები მას აღარ სჭირდება. სამწუხაროდ, ასე ჩათვალა და მე მგონია, რომ სცდება. აღარ სჭირდება ძველი ამბები და ძველ ხალხთან დაკავშირებული კარგი ამბებიც. 

მე სულ არ მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ხვალ ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე. ამიტომ მე არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის სახელისუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, ადამიანებმა დაიწყონ ლაპარაკი „ეს ხომ ტყუილია“ და ა.შ. არ ვარ ამით დაინტერესებული. მე მინდა ვიპაექროთ მეც და ბატონმა ბიძინამაც, ისევე როგორც სხვა ოპონენტებმა, იმაზე, რა პოლიტიკურ მომავალს ვპირდებით ქვეყანას და ვიპაექროთ იმაზე, ევროპული სტანდარტისაა სახელმწიფოს შენების ის მიდგომები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, თუ არ არის ევროპული. მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს ასე გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და “ოცნების“ პოლიტიკა, როცა ძველი პარტნიორები აღარ მოინდომეს, როდესაც ყველა პარტიას უთხრეს მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ პარტიები და წამოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ქვეყნის გადამრჩენელიო, როდესაც მაშინაც და ახლაც ამოცანად დაისახეს, რომ 2/3-იანი თუ 3/3-იანი უმრავლესობით უნდა შევიდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება რეფორმების დამაბრკოლებელი - მაშინ სააკაშვილი ლაპარაკობდა მოდერნიზაციაში და „ახალი ქართველის გამოყვანაში“ შემიშლის ხელსო, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეკონომიკურ წინსვლას შეაფერხებს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ საკითხებზე ვისაუბროთ - იყვნენ ლიდერები, რომლებიც საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანებას გვპირდებოდნენ, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ეს გაერთიანება და საზოგადოების გამთლიანება ეხება ერთ პარტიას და მის მიმდევრებს, დანარჩენი კი აღარ აინტერესებთ. სააკაშვილი თუ ამ ყველაფერზე „ჩარეცხილების“ ტერმინს იყენებდა, დღეს სხვა ტერმინები გვესმის, თუმცა ეს შინაარსს არ ცვლის. მე ამაზე მინდა ვიკამათოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.