ბიძინა ივანიშვილი - ძალიან განვიცდი, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს

ბიძინა ივანიშვილი - ძალიან განვიცდი, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ძალიან განიცდის, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. 
ამის შესახებ ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ვალერი გელაშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„კადრები გინახავთ, ვალერი გელაშვილის სახე როგორი იყო? - ეს იყო ის ხელისუფლება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე ისევ [„ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო] ბილბორდს დავუბრუნდები, სადაც მელია და ხოშტარია ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ეს არის აღმაშფოთებელი. ესენი იყვნენ ეს ხალხი და რასაც აკეთებდნენ, ნახეთ. რისთვის სცემეს? - როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს, შენობას არ აძლევდა ეს კაცი, უფულოდ თხოვდნენ და სიკვდილამდე მიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საოცრებებს დაანებეთ თავი. ყველაზე მეტად განვიცდი, 250 000 კაცია მათი მხარდამჭერი, ვერ იზრდება ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დიდად ვერც შემცირდა. მე არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ამომრჩევლისადმი, რომელიც კიდევ ჭამს, უკაცრავად და მათ უჭერთ მხარს. როგორ ახერხებენ მათ მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან. რომელ დეკრიმინალიზაციაზე არის საუბარი, ისევ კრიმინალს მოიტანენ უკან. გელაშვილის მაგალითი არის იდეალური. ალბათ, გამოვლენ ახლა არასამთავრობოებს რომ ეძახიან საკუთარ თავს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, როგორ გაბედეს და დღეს გამოცხადეს განაჩენიო. ამ დროს ხაშურში იყრის კენჭს გელაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული - შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.