ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა

ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა

პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას, ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს. "წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს. ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი",-განაცხადა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. "გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას. ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის", განაცხადა კვირიკაშვილმა.