პრემიერმა გაერო-ში მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა

პრემიერმა გაერო-ში მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა.

პრემიერის ინფორმაციით, მთავრობამ წელს რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას გულისხმობს, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება. "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მქონე ეფექტიანი მმართველობა არსებითია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს. ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები",-განაცხადა კვირიკაშვილი. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის დაეხმაროს და გამოცდილება გაუზიაროს ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს. "ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წამომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა. ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში "ბიზნესსახლის" პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას",-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა. "მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას. გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს",-აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება. "მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად",-განაცხადა კვირიკაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.