საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადების თანახმად, საქართველო განუხრელად იცავს გაერო-ს ღირებულებებს. „ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა. 25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო განუხრელად იცავს გაერო-ს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი. 25 წლის წინ, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა. ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; კანონის უზენაესობა. ვამაყობთ, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.