საქართველოს პროკურატურა სასამართლოს, შს მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მართლმსაჯულების წინაშე გია ლორთქიფანიძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ, მასზე ძებნას გამოაცხადებს.
”ვინაიდან, გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბრალდების წარდგენის მიზნით იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში 2016 წლის 22 სექტემბერს 17:00 საათზე.
ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ. ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.ლორთქიფანიძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.