საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მსგავსების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ”რეალობიდან აცდენილს” უწოდებს.
როგორც სესიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ”რესპუბლიკური პარტიის” პირველი ნომრის ასეთი განცხადებები გასაოცარია.
”მაოცებს ბატონი დავითის კომენტარები. ის მართლაც პიროვნულად გამორჩეული პოლიტიკოსია, თუმცა ასეთი პარალელის გავლება ნამდვილად აცდენილია რეალობას, აცდენილია ობიექტურობას. როგორც ჩანს, ასეთი განცხადებებით ”რესპუბლიკური პარტია” ცდილობს არ ჩამორჩეს მედიაომს. ამიტომ, მისი ერთგვარი არაორდინალური განცხადებების საფუძველს სწორედ ამაში ვხედავ და არა იმაში, რომ ამით პოლიტიკურ კონკურენციაში შემოვიდეს ”ქართულ ოცნებასთან”, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან პაექრობა ამპარტავნებაა.
”რეპუბლიკური პარტიის” მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მუდმივი პაექრობა არის ერთგვარი ამპარტავნება, რომ მაინცდამაინც გაუსწორდნენ ქვეყანაში გამორჩეულ ლიდერს. ისინი არასდროს ახსენებენ ”ქართულ ოცნებას” ან რომელიმე ლიდერს, ყოველთვის ცდილობენ საკუთარ ოპონენტად წარმოაჩინონ ბიძინა ივანიშვილი, რომ თითქოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ის ერთადერთი ლიდერი, რომელთანაც ”რესპუბლიკურ პარტიას” საპაექრო აქვს. ეს არის ის ამპარტავნება, საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა, რომელიც ღუპავს ”რესპუბლიკურ პარტიას”. ”რესპუბლიკელების” მოთხოვნილებები, როგორც წესი, ყოველთვის ცდებოდა ხოლმე იმ რეალურ შესაძლებლობას და იმ რეალურ მხარდაჭერას, რომელიც მათ შეიძლება ჰქონოდათ საზოგადოებაში”, - განაცხადა სესიაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ორი დღის წინ ისაუბრა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს, „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.
„ბიძინა ივანიშვილმა დღეს გადაწყვიტა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, არა მარტო მე და „რესპუბლიკელები“, არამედ „თავისუფალი დემოკრატებიც“, „ეროვნული ფორუმიც“, ანუ ძველი ამბები მას აღარ სჭირდება. სამწუხაროდ, ასე ჩათვალა და მე მგონია, რომ სცდება. აღარ სჭირდება ძველი ამბები და ძველ ხალხთან დაკავშირებული კარგი ამბებიც.
მე სულ არ მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ხვალ ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე. ამიტომ მე არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის სახელისუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, ადამიანებმა დაიწყონ ლაპარაკი „ეს ხომ ტყუილია“ და ა.შ. არ ვარ ამით დაინტერესებული. მე მინდა ვიპაექროთ მეც და ბატონმა ბიძინამაც, ისევე როგორც სხვა ოპონენტებმა, იმაზე, რა პოლიტიკურ მომავალს ვპირდებით ქვეყანას და ვიპაექროთ იმაზე, ევროპული სტანდარტისაა სახელმწიფოს შენების ის მიდგომები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, თუ არ არის ევროპული. მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს ასე გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და “ოცნების“ პოლიტიკა, როცა ძველი პარტნიორები აღარ მოინდომეს, როდესაც ყველა პარტიას უთხრეს მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ პარტიები და წამოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ქვეყნის გადამრჩენელიო, როდესაც მაშინაც და ახლაც ამოცანად დაისახეს, რომ 2/3-იანი თუ 3/3-იანი უმრავლესობით უნდა შევიდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება რეფორმების დამაბრკოლებელი - მაშინ სააკაშვილი ლაპარაკობდა მოდერნიზაციაში და „ახალი ქართველის გამოყვანაში“ შემიშლის ხელსო, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეკონომიკურ წინსვლას შეაფერხებს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ საკითხებზე ვისაუბროთ - იყვნენ ლიდერები, რომლებიც საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანებას გვპირდებოდნენ, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ეს გაერთიანება და საზოგადოების გამთლიანება ეხება ერთ პარტიას და მის მიმდევრებს, დანარჩენი კი აღარ აინტერესებთ. სააკაშვილი თუ ამ ყველაფერზე „ჩარეცხილების“ ტერმინს იყენებდა, დღეს სხვა ტერმინები გვესმის, თუმცა ეს შინაარსს არ ცვლის. მე ამაზე მინდა ვიკამათოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.