თუ უკრაინა დაპირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს არ გაატარებს, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააუქმოს. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ნიუ-იორკში, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არის სულ მცირე 5 ქვეყანა, რომელიც ახლაც არის მზად განაცხადოს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში მონაწილეობა არ სურს“, - განმარტა ბაიდენმა.
მისი თქმით, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ ის კვირაში ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში მართავს სატელეფონო საუბრებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.