ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად.
„საქართველოს განვითარების დღის წესრიგი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და მათი თანასწორი უფლებებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეების ძალისა და მათთვის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაში მთავრობის როლის რწმენა.
მდგრადი განვითარება შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გარეშე.
ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რათა ვუპასუხოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ძველ და ახალ წევრს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად, ეს არის წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკუთრებით კი ციხეებში მომხდარი უმძიმესი დარღვევები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახალხან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ და შესაბამისი ცვლილებები ქმედითი და ხარისხიანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავამოქმედეთ სამართლებრივი და პროცესუალური მექანიზმები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან საბრძოლველად, მსხვერპლთათვის კომპენსაციის ჩათვლით.
ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა რეალურად შეუწყოს ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას,
ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას.
„თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.