სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს, სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარის ადვოკატებმა მიმართეს. ასევე მათი შუამდგომლობა ეხებოდა, რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით, მათ მიერ წარმოდგენილ დასაკითხ მოწმეთა სიაში ყოფილიყო უჩა ნანუაშვილი. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობის ეს ნაწილი არ გაიზიარა და განმარტა, რომ დასკვნის ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

აღნიშნული დასკვნა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სახელით გაუგზავნა.

დასკვნა აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნულ დასკვნაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

რამდენიმე თვის წინ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიმდინარე წლის 16 მაისს მიიღო. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.