მედია ექსპერტი ია ანთაძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გამართულ სამეგრელოს დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატების შესახებ "ახალ თაობას" ესაუბრა.
19 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გამართულ სამეგრელოს დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატების დროს, სარეკლამო შესვენებისას "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატ სოფლის მეურნეობის ექსმინისტრ ოთარ დანელიასთან საკუთარი პარტიიდან პიარჯგუფის წარმომადგენელი მივიდა და ინტერაქტივის "ჩახსნასთან" დაკავსირებით კოკა ყანდიაშვილის დანაბარები გადასცა, რის საპასუხოდაც დანელიამ აღნიშნა, რომ კოკას ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ რაღაცას იტყვის.
ამ ყველაფერს კი "რუსთავი 2"-ის კამერები და პოლიტიკოსებზე მიმაგრებული ჩართული მიკროფონები აფიქსირებდნენ.
"ახალი თაობა" აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტს ია ანთაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, როდესაც ადამიანი, მაჟორიტარობის კანდიდატი საჯარო სივრცეში იმყოფება, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ნებისმიერი რეპლიკა შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო აუდიტორიისთვის და ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოს.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში მედია თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა აჩვენოს და რა არა და მაგალითად მოჰყავს 2008 წლის აგვისტოს ომისას ბი-ბი-სის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს. ანთაძის აზრით, ეს არ იყო ყვითელი პრესის ნამუშევარი, ამით ბი-ბი-სიმ აჩვენა, კრიტიკულ სიტუაციაში რა მდგომარეობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი.
რაც შეეხება დანელიას რეპლიკა კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, ია ანთაძის აზრით, ეს საზოგადოებისთვის საინტრესო არ იყო და ამასთან, ეს ინფორმაცია არ იყო მოპოვებული იმ გზით, რომ საჯარო გამხდარიყო.