ირაკლი კობახიძე - თუ საარჩევნო მემორანდუმს ვინმე არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი, ვის რა ზრახვები ამოძრავებს

ირაკლი კობახიძე - თუ საარჩევნო მემორანდუმს ვინმე არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი, ვის რა ზრახვები ამოძრავებს

თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო მემორანდუმს პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება. 

”მემორანდუმს დღესვე გადავუგზავნით საარჩევნო სუბიექტებს იმისთვის, რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შემოუერთდება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო მემორანდუმს. კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა სუბიექტთან. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დახვეწილი მემორანდუმი შეგვეთავაზებინა ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მემორანდუმის მიზანი არის ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები, არ დავუშვათ პროვოკაციები და არ დავუშვათ ძალადობა საარჩევნო პროცესში. 

საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მასზე ხელმოწერის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ამ მემორანდუმს. თუ ვინმე არ შეუერთდება, იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით - თუ ვის რა განზრახვა აქვს, არაერთხელ გვისაუბრია”, - განაცხადა კობახიძემ. 

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. 

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.