მამუკა კაციტაძე - ხელისუფლებას ვურჩევ, მემორანდუმი საკუთარმა სტრუქტურებმა ერთმანეთთან გააფორმონ, რათა პარტიებზე დევნა და შანტაჟი შეწყვიტონ

მამუკა კაციტაძე - ხელისუფლებას ვურჩევ, მემორანდუმი საკუთარმა სტრუქტურებმა ერთმანეთთან გააფორმონ, რათა პარტიებზე დევნა და შანტაჟი შეწყვიტონ

ხელისუფლებას ვურჩევ, მემორანდუმი საკუთარმა სტრუქტურებმა ერთმანეთთან გააფორმონ, რათა პარტიებზე დევნა და შანტაჟი წინასაარჩევნოდ შეწყვიტონ - ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა კაციტაძემ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შეთავაზების სანაცვლოდ გააკეთა.

როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა. 

”ეს მემორანდუმი თავისი შინაარსით უპირველესად მმართველ პარტიას ეხება. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, დევნის დემონსტრირებას, დაწყებული სუს-იდან და დამთავრებული სხვა სახელმწიფო მანქანებით, ეს არის მმართველი პარტია და ხელისუფლება. მაქვს შესაგებებელი ინიციატივა - დაბრძანდეს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ეშელონებიდან, მოიწვიონ საკუთარი სტრუქტურები როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ერთმანეთში გააფორმონ მემორანდუმი, დადონ პირობა, რომ ისინი არ განახორციელებენ ზეწოლას კანდიდატებზე, პარტიებზე, არ გააგრძელებენ მოსმენებს, არ გამოაქვეყნებენ კადრებს და არ შექმნიან დისკომფორტს წინასაარჩევნოდ. თუ ამას გააკეთებენ ჩვენ მოვიწონებთ”, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

მმართველმა პარტიამ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. ”მშვიდობის მემორანდუმი” შესთავაზა, რომელიც წინასაარჩევნოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ მათი აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.