გია ხუხაშვილი 26 მაისის საქმეზე - ”ოცნებას” ჰგონია, რომ საზოგადოება ბრიყვებითაა სავსე და ნებისმიერ რაღაცას „აჭმევს“

გია ხუხაშვილი 26 მაისის საქმეზე - ”ოცნებას” ჰგონია, რომ საზოგადოება ბრიყვებითაა სავსე და ნებისმიერ რაღაცას „აჭმევს“

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წინასაარჩევნო პერიოდში წარდგენა, ისევე როგორც აქციის დარბევის ამსახველი კადრების ახლა გამოქვეყნება, როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას”, ისე ”ქართულ ოცნებას” დააზარალებს. 
როგორც ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თვალში ”ნაციონალური მოძრაობა” ასეთი განუკითხაობის განხორციელებისთვის, ხოლო ”ქართული ოცნება” საქმის აქამდე გამოუძიებლობის გამო დაზიანდება. 
”მე არ მგონია, რომ საარჩევნოდ, რეიტინგზე გუშინდელმა გადაწყვეტილებამ და ვიდეოს გამოქვეყნებამ სერიოზულად იმოქმედოს. ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. ამ სტაბილურ ამომრჩეველს ასეთი ფაქტები ნაკლებად აწუხებს. რაც შეეხება მეორე მხარეს, ვისაც პროტესტი უჩნდება ამ ყველაფრის მიმართ, პასუხისმგებლობას აკისრებს დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომელმაც ეს საქმე არ გამოიძია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ განუკითხაობას ლეგიტიმურ საფუძველს უქმნიდნენ, ზოგი სიაში ჰყავს ”ქართულ ოცნებას”, ზოგი სასამართლოში უზის, შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა გარკვეულწილად დღევანდელ ხელისუფლებაზეც გადმოდის და ეს სტატუს-კვოს ამ ძალთა გადანაწილებას ვერანაირად ვერ ცვლის. ბუნებრივია, ზიანდება ”ნაციონალური მოძრაობა” გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თვალში, მაგრამ ზიანდება ”ქართული ოცნებაც”, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სამართლიანობის აღდგენის საკითხს და ოპერირებს პოლიტიკური და არა სამართლებრივი ინსტრუმენტებით, მაშინ როდესაც ეს პოლიტიკურად სჭირდება. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. ”ქართულ ოცნებას” რატომღაც ჰგონია, რომ ქართული საზოგადოება ბრიყვებით არის სავსე და ნებისმიერ რაღაცას „შეაჭმევს“, მაგრამ ასე არ არის. საზოგადოება ბევრად უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს იაფფასიანი ინსინუაციები იმ ეფექტს ვერ იძლევა რაზეც არის ეს ყველაფერი გათვლილი”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 
მისივე თქმით, 26 მაისის საქმე არ იყო რთული საქმე და შესაძლებელი იყო ამ საქმის გამოძიება 2013 წელს დასრულებულიყო. 
”მთავარი კითხვა ხელისუფლებასთან მიმართებაში ისმის თუ რა გარემოებებმა შეუშალა ხელი ხელისუფლებას, რომ ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ 2013 წელს დასრულებულიყო. ამაზე უამრავი მასალა არსებობდა და დღეს აპელირება რაღაც ახალ ვიდეოებზე, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები რატომ 2016 წლის არჩევნების წინ და არა მანამდე. შესაბამისად, არადამაჯერებელია ასეთი ამაყი სახით, იმ ადამიანების მხრიდან ამის გამოცხადება, რომლების საკმაოდ დიდი ნაწილი მაშინაც ძალოვან სისტემაში მუშაობდა და ირიბად, თანამონაწილეები იყვნენ იმ განუკითხაობის, რაც ხდებოდა თუნდაც 26 მაისს”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად არის ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ასევე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.
ასევე, როგორც ცნობილია, „26 მაისის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.