გია ვოლსკი არ ეთანხმება შეფასებას, რომ პროკურატურამ 26 მაისის საქმის ვიდეომასალა თაროდან სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის ჩამოიღო

გია ვოლსკი არ ეთანხმება შეფასებას, რომ პროკურატურამ 26 მაისის საქმის ვიდეომასალა თაროდან სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის ჩამოიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არ ეთანხმება შეფასებას, რომ პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალა თაროდან სპეციალურად წინაასაარჩევნო პერიოდისთვის ჩამოიღო.
როგორც ვოლსკიმ რადიო „პალიტრის“ ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემა „საღამოს თოქშოუში“ განაცხადა, საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ყოფილი ხელისუფლების დროს ხდებოდა და არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გონს მოეგო.
„არ ვიცი, თაროდან ჩამოიღო, თუ სხვა წყაროდან გამოიღო. რატომ თვლით მაინცდამიანც რომ თაროდან ჩამოიღო? იქნებ დამატებით მოიპოვა?.. 
ისე ნუ დააყენებთ საკითხს, თითქოს იმაზე, რაც ამ კადრების მიღმა ხდებოდა, რეაგირება არ არის გაკეთებული და პირველად კეთდება. უბრალოდ დამატებითი გარემოებებია, რომელიც ასევე დამატებით ქმედებებს მოითხოვს. 
მოხდა დანაშაული. ძალიან ხშირად გვინახავს, როგორ უპირისპირდება პოლიცია მომიტინგეებს, მაგრამ დანაშაულებრივი დაპირისპირება და დანაშუალებრივი ქმედებები იყო იმდენად თვალნათელი, რამდენადაც უამრავი დასახიჩრებული ადამიანი მივიღეთ. 
მე ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ხდებოდა და არ ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გონს მოეგო და ახლა „შეცდომებს“ რომ ეძახის, გაითვალისწინა. ეს არის დანაშაულებების ჩამდენი ჯგუფი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.