დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. 
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. 
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
მორწმუნეებისთვის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.