სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივარს განიხილავენ

სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივარს განიხილავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის განხილვა დაიწყება. როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, საჩივარში სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ის პოზიცია, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გამართლდნენ. სასამართლო სხდომა დღეს 13.00 საათზე დაიწყება. 
”დღეს იწყება განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჩვენი სააპელაციო საჩივრის. საჩივარში სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ის პოზიცია, რომლითაც ეს ადამიანები უნდა გამართლდნენ. საჩივარში უარყოფილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც გამოიხატა პირველი ინსტანციის მიერ. ჩვენი პოზიცია ასევე გამყარებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და არაერთი დასკვნებით, რომლებიც საქმეში ფიგურირებს”, - განაცხადა ბარათაშვილმა. 
რამდენიმე თვის წინ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიმდინარე წლის 16 მაისს მიიღო. 
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.