მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს რიჩარდ სტენგელს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს რიჩარდ სტენგელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რიჩარდ სტენგელს შეხვდა. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 
”შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას. 
მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 
მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. 
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. 
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომ მრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით”, - აცხადებენ სამინისტროში. 
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.