პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალაზე, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ, დანიშნული იყო ექსპერტიზა, დასკვნა კი 16 სექტემბერს მიიღეს

პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალაზე, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ, დანიშნული იყო ექსპერტიზა, დასკვნა კი 16 სექტემბერს მიიღეს

პროკურატურაში გამოცხადებისთვის გია ლორთქიფანიძისთვის მიცემული ვადა 21 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურება. ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ განაცხადა. 
როგორც მან ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას აღნიშნა, თუკი ლორთქიფანიძე გამოძიების წინაშე არ გამოცხადდება, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას პროკურატურა დამატებით აცნობებს. 
რაც შეეხება ახალ მტკიცებულებას, ვიდეოჩანაწერს და მისი მოპოვების ვადებს, როგორც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აღნიშნავს, ის გამოძიებამ რამდენიმე თვის წინ მოიპოვა და კადრებს ექსპერტიზა უტარდებოდა.
”ამ საქმეზე გამოძიება არ დაგვიანებულა, გამოძიება აქამდეც მიდიოდა უწყვეტ რეჟიმში. ვიდოემასალაზე, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ, დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მივიღეთ 16 სექტემბერს. ექპერტიზა დანიშნული იყო როგორც კადრების ავთენტურობის, ისე მასში ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ჩანაწერი საქმეში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა”, - განაცხადა მამუკა ვასაძემ. 
მისივე თქმით ამ საქმეზე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია. ”არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელზეც ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ თავისუფლების მოედნის მხრიდან არ იყო დატოვებული გასასვლელი მომიტინგეებისთვის, შესაბამისად, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ამ ჩანაწერით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდათ კუდ-ის ქვედანაყოფებს”, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.