დავით სერგეენკო:  „ნინო წილოსანს დასაქმების სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს“

დავით სერგეენკო: „ნინო წილოსანს დასაქმების სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს“

დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გურიაში მედიკოსებს შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატ ნინი წილოსანის შსახებ ესაუბრა.

„ჩვენ პირველად არ ვხდებით ერთმანეთს. გავიხსენებ ერთ-ერთ ჩვენს შეხვედრას და პოლემიკას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი აზრები და ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. მე აქ არ ჩამოვსულვარ იმისთვის, რომ მოგიყვეთ თუ რა გაკეთდა ჯანდაცვის სფეროში ამ ოთხი წლის განმავლობაში. ეს არც არის ჩემი ამოცანა, რამეთუ კარგად ვიცი, ვის ველაპარაკები და რამდენად კარგად ხართ ჩახედული და კარგად იცით, თუ რა რეფორმები განხორციელდა. ბევრი ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არის უბრალოდ ამბის გადმომცემი. ეს ასე არაა, მაჟორიტარს უფრო დიდი ფუნქცია აკისრია, ის უნდა გრძნობდეს რაიონის მაჯისცემას. ამიტომაც, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა. ყველანაირი გამოკითხვით, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ქალბატონ ნინოს კი ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. ის არ იქნება მხოლოდ თქვენი ხმა,  ის იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა, რამეთუ მას სწორედ დასაქმების სფეროში აქვს მართლაც ექსპერტული ცოდნა“ _ განაცხადა მინისტრმა.

ნინო წილოსანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ საერთო დოვლათიდან გურია თავისას მაქსიმალურად მიიღებს:

„უპირველესად დიდ მადლობას ვუხდი ბატონს მინისტრს, რომ გამონახა დრო და ჩამოვიდა ჩემი კანდიდატურისა და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი მმართველი გუნდის მონაპოვარია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ამომრჩეველი თავისუფალია არჩევანში და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ირჩევს პარტიასა და კანდიდატს. სწორედ იმიტომ, რომ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი, ეს შეხვედრაც ამ მიზნით შედგა. ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომლის პრიორიტეტები ყველა ჩვენგანისათვის მისაღებია. ამიტომაც მჯერა, რომ მხარს დაგვიჭერთ 8 ოქტომბრის არჩევნებში. მთავარი მესიჯი, რაც მინდა გადმოგცეთ არის ის, რომ არანაირი სხვა მოტივაცია არ გამაჩნია გარდა იმისა, რომ ვიზრუნო ჩემს გურიასა და გურულებზე. მაქსიმალურად ვეცდები, ჩვენი გუნდის 4-წლიანი პროგრამიდან გურიაში სრულად წამოვიღო ის დოვლათი და სიკეთე, რომელიც ჩვენს რეგიონს სწრაფად წინსვლაში დაეხმარება“

საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოწყალება არაა, ის ხალხმა დაგვიკვეთა - დავით სერგეენკო

„ჩვენ არ გაგვიღია მოწყალება, როცა განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამეთუ ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა ოთხი წლის წინ. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანმრთელობის უფლება. ჩვენ შევასრულეთ ის დანაპირები, რაც ჩვენს ხალხს ოთხი წლის წინ მივეცით. ზოგი დღეს ამბობს, რომ როცა 2,5-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რატომ არ ხდება სტაციონალური მკურნალობის შემდგომ საჭირო მედიკამენტების დაფინანსება. დიახ, 150%-ით გაიზარდა ბიუჯეტი 2012-დან დღემდე, თუმცა მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ზომავს, მთლიანი შიდა დოვლათიდან ქვეყანა რამდენი პროცენტს ხარჯავს ჯანდაცვაზე. ჩვენთან ეს მაჩვენებელი არის 2,5%, 2012 წელს კი იყო - 1 %-ზე ნაკლები. შედარებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალოდ ხარჯავენ 5%-ს, დასავლეთ ევროპაში _ საშუალოდ 10 პროცენტს. აშშ მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს ხარჯავს ჯანდაცვაზე. ამით თავის მოსაწყლება კი არ მინდა, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა გავედით 2,5%-ზე, რომელიც ასევე დაბალია“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გურულ მედიკოსებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, სამინისტრო ადმინისტრაციაზე 1%-ს ხარჯავს. „არის მოსაზრება, რომ ამდენი ხელფასები, პრემიები გაიცემა. ჯანდაცვის ბიუჯეტი არის 3,2 მლრდ ლარი, აქედან 2,2 მლრდ პენსიებზე იხარჯება. ამხელა ბიუჯეტის მართვაზე ჩვენი სამინისტრო ადმინისტრაციაზე ხარჯავს მხოლოდ 1%-ს. ვერ მეტყვით ვერც ერთ კომპანიას, რომელიც ადმინისტაციასა და მართვაზე 10-15%-ზე ნაკლებს ხარჯავდეს“ - თქვა სერგიენკომ.

ჯანდაცვის სფეროს სამი გამოწვევა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გურულ მედიკოსებს გააცნო ის სამი გამოწვევა, რაც სამინისტროს წინასე დგას: „პირველი გადასაწყვეტი საკითხია მედიკამენტების კომპონენტი ქრონიკული დაავადებების ამბულატორიული პაციენტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო ხარისხი. რატომღაც როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, ფიქრობენ, რომ საავადმყოფოებში შევა ეგზეკუციები და მუსრს გაავლებენ იქ ყველაფერს. ეს არასწორია და არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმები უხარისხოდ მუშაობენ. პირიქით, მათ მრავალი წლის მანძილზე სასწაულები მოახდინეს, შეინარჩუნეს ჰუმანიზმი და ღირსება, განსაკუთრებით ეს ითქმის 90-იან წლებზე, რისთვისაც ჩვენი ექიმები მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ხარისხის კონტროლის ინსტრუმენტები ექიმებს საშუალებას მისცემს, რომ ნაკლები გართულებებით უმკურნალონ პაციენტებს. და მესამე მთავარი გამოწვევა, რაც არის - ზოგადად, იდეალურ ჯანდაცვის პირობებში ადამიანებს 80% შემთხვევაში პრობლემას ოჯახის ექიმი უგვარებს და მხოლოდ 20%-ს სჭირდება სტაციონარში მისვლა, ჩვენთან კი ეს პირიქითაა. სწორედ ესაა ძირითადი გამოწვევები, რაზეც ჩვენი გუნდი იმუშავებს“ - თქვა მინისტრმა.

ჩემი უცხოელი კოლეგები ვერ მალავენ შურს, სახეს ვერ ილაგებენ _ დავით სერგიენკო

„ჩვენ მოსახლეობამ დაგვიკვეთა საყოველთაო ჯანდაცვის შემოღება. არ დაუკვეთია ჰეპატიტის პროგრამა -  მაშინ წამალი კი არსებობდა, მაგრამ გადიოდა გამოცდას. ახლა, როცა მიწევს შეხვედრა ჩემს კოლეგებთან, მათ შორის მდიდარი ქვეყნებიდან, ვერ მალავენ შურს, სახეს ვერ ილაგებენ და შეხვედრებზე მარიდებენ სახეს. ახლა ცდილობენ კონსოლიდირებულ შესყიდვას, რომ როგორმე ფასი ჩამოიწიოს. ჩვენ საბედნიეროდ ეს გვაქვს უფასოდ, რაც ძალიან დიდი საქმეა. ამაში კი ხელი შეგვიწყო საყოველთაო ჯანდაცვის არსებობამ“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლანჩხუთში, გურულ მედიკოსებთან შეხვედრაზე გააკეთა.