საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა.

საუბარი შეეხო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო დემოკარტიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება და ამ მიზნით, საარჩევნო პროცესზე მოწვეულია რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საუბრისას ყურადღება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოში გერმანული ინვესტიციების განხორციელებას.