26 მაისის საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოქვეყნებას საარჩევნო გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება

26 მაისის საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოქვეყნებას საარჩევნო გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოქვეყნებას საარჩევნო გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, კარგი იქნებოდა, რომ მტკიცებულების მოპოვება და კუდ-ის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება ადრე მომხდარიყო, რათა სპეკულაციის საშუალება არავის მისცემოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 მაისის საქმე არაა რომელიმე პოლიტიკური კონიუნქტურის ჭრილში განსახილველი მოვლენა, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული.

”ეს საზარელი მოვლენა, რაც საქართველოში მოხდა 2011 წლის 26 მაისს, ვერ წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. დღეს ჩვენ ამ კადრებმა გაგვახსენა ის ყველაფერი, რაც ერთად ვნახეთ და ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო საზარელი დანაშაული, ჩადენილი სახელისუფლებო სისტემის მიერ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დანაშაულის გამოძიება დაიწყო 4 წლის წინ. რამდენიმე დამნაშავეს მიესაჯა სასჯელი. იყო განცდა, რომ ეს არ იყო სრულყოფილი გამოძიება და ამიტომ კარგია თუ პროკურატურას დღეს აქვს ახალი სამხილები და ახალი მასალები. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო უფრო ადრე და არ იყოს სპეკულაციების საშუალება. მე არ მგონია რომ დღეს ამ მასალების გამოქვეყნებამ, ვინმეს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემა, მას ხელი ააღებინოს ამ გადაწყვეტილებაზე. მე ნამდვილად ვიცი, რომ ამას საარჩევნო გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება, რადგან ვინც დღემდე ვერ დარწმუნდა, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მობრუნება, ის ვერც ამ კადრების ნახვით დარწმუნდება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ თუ პროკურატურას რაიმე საქმეზე კიდევ აქვს სიახლეები, მას არა უხალოს დღეებში, არამედ დღეს გამოაქვეყნებს, რათა არავის მიეცეს საშუალება, ხელი სხვა მიმართულებით გაიშვიროს და გამოქვეყნების ვადებზე ისაუბროს.