რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები

რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები

მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რუსპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კვლავ პოლიტიკური დისკუსიისა და დებატების ფორმატში დარჩეს. ”ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა ბიძინამ ეს არჩევანი გააკეთა და მან გადაწყვიტა თანამებრძოლების წინააღმდეგ ასეთი სტილით გალაშქრება. მე არ მინდა მას ამ ტიპის ურთიერთმტრობაში ავყვე. მინდა დავრჩეთ პოლიტიკური დისკუსიის და დებატების ფორმატში. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს მან უსაქმური, მატყუარა, არ ვიცი კიდევ სხვა ტერმინები, მე ვაპირებ გავაგრძელო მასთან პოლიტიკური დებატები. ვისაუბროთ იმაზე რატომაა აუცილებელი მრავალპარტიული პარლამენტი, რატომაა პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელი, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც დღესაც სხედან პარლამენტში და არაფერს აკეთებენ, რატომ არ არის სწორი პარლამენტში იმ ხალხის შეყვანა, ვინც თავისი ბიზნესის გაგრძელებას აპირებს მხოლოდ და არა ქვეყნის სამსახურს პარლამენტში. მე ამ თემებზე პოლიტიკური დებატებისთვის მზად ვარ ბიძინა ივანიშვილთან. არ ვარ მზად და არ ვიქნები მასთან იმ ტიპის არაპოლიტიკურ პაექრობაში ჩასართავად, რომელიც ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ, ასევე სხვა პარტიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ წამოიწყო. მე მგონია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ბატონ ბიძინას გაუჭირდა იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის ზიდვა, რომელიც მან თავის მხრებზე აიკიდა და ახლა, ამ პოლიტიკური გეზის ცვლილების პროცესში, ის იძულებულია შეცვალოს გუნდი, ხალხი და სამწუხაროდ მან ეს საქმე არასწორად წაიყვანა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მზადაა, ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტთან საჯარო დებატების გასამართად იმ თემებზე, რაზეც ზოგადად აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.