პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსად ვერ შედგა და მთელი ეს წამოწყება მისთვის მხოლოდ ბიზნესპროექტი იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.
„ამ ჩანაწერიდან გამომდინარე რამდენიმე რაღაცაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ერთი გახლავთ ის, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ შედგა პოლიტიკოსად; მეორე - მისთვის მთელი ეს წამოწყება, სამწუხაროდ, იყო არა იდეის გარშემო და შორსმიმავალ პოლიტიკურ გეგმებზე ორიენტირებული გაერთიანება, არამედ წმინდა წყლის ბიზნესპროექტი, საიდანაც გარკვეული სარგებელი უნდა ენახა; მესამე - ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ პაატა ბურჭულაძე ვერავისთვის იქნება სანდო პარტნიორი და მითუმეტეს, საკუთარი ხალხისთვის, რაც მართლაც გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ის ყველაზე მეტად საკუთარ ხალხთან არის პასუხისმგებელი იმ იმედგაცრუებისთვის, რომელიც საზოგადოებაში გააჩინა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ყველა ტელევიზიას, სააგენტოს, გაზეთს აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერში არაფერია ისეთი, რაც ამ სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას სცდება.
„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, არის პროდასავლური ძალების მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ისეთი რამ, რაც ამ ფარგლებს - პროდასავლური პარტიების მხარდაჭერის ფორმატს - სცილდება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახე. ეს არის პარტნიორებს შორის საუბარი, რომელთა პარტნიორობასაც საფუძვლად ედო პაატა ბურჭულაძის პარტიის პროდასავლური კურსი“, - დასძინა ლაგაზიძემ.
ინტერნეტში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან” კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.