”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს.
”სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რომელშიც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული, სკანდალური არაფერია. თუმცა ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახური დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელს, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უსმენს, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ჩანაწერი იმ ვებ-საიტზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუს-ის ჩარევა პოლიტიკურ მოვლენებში აქამდეც იყო და ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ორი წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუს-ი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ.
”ჩვენ ვნახეთ ბურჭულაძის განცხადება, რომ მას სუს-ი უთვალთვალებს. იყო სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებებიც ამავე თემაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. შესაბამისად, ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუს-ი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ჩვენ პოლიტიკურ ძალას კონკრეტული გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ სუს-ის გაუქმება იქნება, რადგან პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს ამ ქვეყნაში“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ინტერნეტში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან” კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.
”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.
სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”